ფენოვანი ხაჭაპური

მასალა ერთი პორციისთვის:
1.ფქვილი;
2.კვერცხი;
3.მარგარინი ან კარაქი;
4.ყველი.
3 ჭიქა ფქვილში ჩავახალოთ 2 ცალი კვერცხის გული, წყალში გავხსნათ მარილი და ვუყოთ ცოტა ოდენა ძმარი, მოვზილოთ ცომი. გავბრტყელოთ და წავუსვათ რბილ კარაქთან ან მარგარინთან შეზელილი ფქვილი. მოვკეცოთ და შევდოთ მაცივარში. ერთი საათის მერე გავაბრტყელოთ ცომი, ისევ მოვკეცოთ და შევდოთ მაცივარში. ერთხელ კიდევ გავიმეოროთ იგივე. ცომი რომ მზად იქნება, გავყოთ ორ ნაწილად. გავაბრტყელოთ, დავდოთ ყველი, ზემოდან მეორე ნაწილი, წავუსვათ კვერცხის გული და შევდოთ გაზქურაში და გამოვაცხოთ.

ტაფაზე გამომცხვარი ხაჭაპური


მაწონში მოვზილოთ რბილი ცომი. მოზელის ბოლოს ცომი გავაბრტყელოთ, მოვაყაროთ ცოტა სოდა, გადმოვაბრუნოდ, რომ სოდა თანაბრად განაწილდეს ცომზე, გადავკეცოთ, გავაბრტყელოთ და კიდევ მოვაყაროთ სოდა. ასე გავიმეოროდ სამჯერ. ბოლოს მოვაყაროთ ფქვილი, დავაფაროთ სუფთა ტილო და სითბოში გავაჩეროთ.
მოვჭრათ ცომი სასურველი ზომის ხაჭაპურისთვის, გავაბრტყელოთ მოვათავსოთ ზედ ყველი, მოვუკრათ პირი და დავდოთ გაცხელებულ ტაფაზე, დავაფაროთ სახურავი; როცა ერთი მხარე გამოცხვება, გადავაბრუნოთ და მეორე მხარე გამოვაცხოთ თავდაუხურავად. ხაჭაპური გადმოვიღოთ თეფშზე და ცხელ-ცხელს წავუსვათ კარაქი.
ასეთი ცომი შეიძლება შევინახოთ მაცივარში ორი-სამი დღე

ყველის მომზადება: 
იმერული ან ქართული ყველი ბრტყელ ნაჭრებად დავჭრათ, დავასხათ წყალი და გავაჩეროთ წყალში. მერე კარგად გავწუროთ და ავურიოთ შიგ კვერცხში (შეიძლება უკვერცხოდაც).


მასალა:

მაწონი-ნახევარი ლიტრი
სოდა-1 ჩაის კოვზი
პურის ფქვილი-საჭირო რაოდენობის 
ყველი-500 გრამი
კვერცხი-2 ცალი

ხაჭაპური კარტოფილით და ყველით

მოვზილოთ ცომი, გავაპრტყელოთ, მოვათავსოთ ზედ კარტოფილ-ყველნარევი მასალა და ჩვეულებრივი წესით გამოვაცხოთ კეცში ან ღუმელში.

კარტოფილ-ნარევი მასალა მოვამზადოთ შემდეგნაირად: 
ოსური ყველი დავფხვნათ, ავურიოთ შიგ კარგად აზელილი მოხარშული კარტოფილი (ერთი ნაწილი ყველი სამ ნაწილ კარტოფილზე ), დავამატოთ კარაქი და კარგად ავურიოთ.

ხაჭაპური კარტოფილით

მოვზილოთ ცომი წყლით, გავაბრტყელოთ; მოვათავსოთ ზედ კარტოფილისგან მომზადებული მასალა და ჩვეულებრივი წესით გამოვაცხოთ კეცში ან ღუმელში.

კარტოფილის მასალის მომზადება: 
კარტოფილი გავთალოთ, დავჭრათ, დავასხათ წყალი და კარგად მოვხარშოთ; ხის კოვზით კარგად დავზილოთ, დავუმატოთ 2 სუფრის კოვზი კარაქი ან ერბო, შევაზავოთ მარილით, პილპილით, შევაგრილოთ და ისე გამოვიყენოთ.

საფუარიანი ცივი ცომი ხაჭაპურისათვის

კარაქი ან მარგარინი კარგად დავკეპოთ ფქვილთან ერთად, გავაკეთოთ ღრმული და ჩავასხათ ცივი რძე, რომელშიც კარგად იქნება გახსნილი საფუარი. მოვზილოთ საშუალო სიმაგრის ცომი და მოვათავსოთ მაცივრის საყინულეში 40-50 წუთი. გამოვიღოთ, გავაბრტყელოთ და გამოვაცხოთ ხაჭაპუპური ჩვეულებრივი წესით. ასეთი ცომი შეგვიძლია მაცივარში შევინახოთ რამოდენიმე დღე და შემდეგ გამოვიყენოთ.
ყველის გულსართი მზადდება ჩვეულებრივი წესით.


მასალა
კარაქი ან მარგარინი-200გრ
რძე - 1 ჩაის ჭიქა
გრამი საფუარი - 25 გრამი

ოსური ხაჭაპური (ხაბიზგინა)

მოვზილოთ ჩვეულებრივი საფუარიანი ცომი და დავდგათ ასაფუებლად. როცა გაფუვდება, ამოვაგუნდავოთ, გავაბრტყელოთ, ბლომად დავაყაროთ დაფშვნილი ახალი ოსური ყველი და მოვუკრათ თავი. ტაფა კარგად გავაცხელოთ, დავდოთ ერბო და გამოვაცხოთ ხაჭაპური ორივე მხრიდან, შეწითლებამდე.

გურული ხაჭაპური

საფუარით მოვზილოთ რბილი, ფაფუკი ცომი. ამოსული ცომი მოვაგუნდაოთ, გავაბტყელოთ, მივცეთ მრგვალი ფორმა და ცომის ნახევარში, შიგთავსად ჩავდოთ დაფხვინილი ყველი და მოხარშული  და შუაზე გაჭრილი კვერცხი. შემდგომ გადავკეცოთ ცარიელი ნახევარი, შემოვუკეცოთ გვერდები და მივცეთ ნახევარმთვარის ფორმა. გამდნარი შევდოთ ცხელ ღუმელში ან კეცზე. საშობაო ღვეზელს აცხობდნენ საშობაოდ, შობის ღამეს და ურიგებდნენ ოჯახის წევრებს, სიმბოლურად რომელი ოჯახის წევრის ღვეზელშიც კენტი რაოდენობის კვერცხი აღმოჩნდებოდა იტყოდნენ, რომ მას ეს წელი ბევრ სიხარულს და წარმატებას მოუტანდა!!! 
მოამზადეთ, გამოაცხვეთ და მიირთვით საშობაო "ღვეზელი" შობის ღამეს !!!

აჭარული ხაჭაპური


პირველი  ვარიანტი
ყველი - 250გ
ფქვილი - 400გ
კვერცხი - 2ც
კარაქი - 100გ
საფუარი - 1 ს/კ
ზეთი - 1 ს/კ
მარილი - გემოვნებით
ავიღოთ 400 გ ფქვილი, დავუმატოთ 1ს/კ ზეთი+ 1ც კვერცხი+საფუარი +მარილი +ფქვილი რამდენსაც შეიზელს. ცომი უნდა იყოს ნაზი, რომ აფუვდება ცომს მივცეთ ნავის ფორმა, ჩავდოთ გახეხილი ყველი და გამოვაცხოთ. გამოცხობამდე გადმოვიღოთ,  ჩავახალოთ კვერცხი და შევდგათ 5 წუთი. რომ გამოცხვება, ვუყოთ 100 გ კარაქი.


მეორე  ვარიანტი

მოვზილოთ საფუარიანი ცომი . სანამ ცომი კარგად გაფუვდება, მოვამზადოთ ყველის გულსართი. ამისთვის ავიღოთ ახალი ყველი, დავჭყლოტოთ ხელით, ავურიოთ კვერცხი, შეიძლება ახალი ხაჭოც ავურიოთ. მოვჭრათ ცომი, დაახლოებით 200 გრამი, გავაბრტყელოთ 2-3 სანტიმეტრის სისქამდე, მივცეთ ოდნავ მოგრძო ფორმა, დავდოთ ყველის გულსართი ისე, რომ ირგვლივ სამი სანტიმეტრი ცარიელი დარჩეს. შემდეგ გადავაფაროთ ნაპირები ყველის გულსართს და ასეთნაირად მომზადებული დავდოთ თუნუქის ფურცელზე; ნაპირებზე წავუსვათ კვერცხი და შევდგათ აირღუმელში გამოსაცხობათ. როდესაც შეწითლდება, ხაჭაპურის შუაგულში ჩავახალოთ მთლიანი კვერცხი და კიდევ გავაჩეროთ ღუმელში 2-3 წუთი. შემდეგ დავადოთ კარაქის ნაჭერი და ასე ცხელ-ცხელი მივიტანოთ სუფრაზე.


მასალა 1 ხაჭაპურისთვის: 
ფქვილი-100 გრამი 
ყველი-(ხაჭოსთან ერთად) - 75გრამი
წყალი(რძე) -50 გრამი
საფუარი-2 გრამი 
კვერცხი- 1-2 ცალი
კარაქი - 20 გრამი.

ხაჭაპური ცხიმიანი ცომით

მაწონი 0,5ლ
კვერცხი 2-3ცალი
მარგანინი 150-200გ
ფქვილი - რასაც შეიზელს 
ყველი.
ფქვილში ავკეპოთ მარგანინი, დაუმატოთ კვერცხი, მაწონი, 1 ჩაის კოვზი სოდა ძმრით. მოვზილეთ საშუალო სისქის ცომი და შევდოთ მაცივარში (შეიძლება გამოიყენოთ რამდენიმე დღის განმავლობაში).

ხაჭაპური ნაზავი ცომისაგან

მაწონში ჩავასხათ ძმარში გახსნილი სოდა და ცოტა ხანს გავაჩეროთ. კვერცხი კარგად გავთქვიფოთ გამდნარ კარაქთან და დავამატოთ მომზადებული მაწონი. მოვზილოთ ცომი და 1-2 საათი სითბოში გავაჩეროთ; როცა გაფუვდება, გავაბრატყელოთ, დავადოთ ყველის გულსართი, მოვუკრათ პირი, გადავიტანოთ ფქვილმოყრილ თუნუქის ფურცელზე, ხელით კარგად გავაბრტყელოთ, რომ ფურცელი მთლიანად შეივსოს.

ხაჭაპური ფენოვანი ცომისგან

კვერცხი გავთქვიფოთ, დავასხათ თბილი წყალი, დავამატოთ ძმარი, ზეთი და მოვზილოთ მაგარი ცომი, 400 გრამი მარგარინი გავყოთ სამ ნაწილად. ცომი კარგად გავაბრტყელოთ და ხელით წავუსვათ მარგარინის მესამედი ნაწილი, დავკეცოთ კონვერტისებურად და შევდგათ მაცივარში 30-40 წუთი; შემდეგ გამოვიღოთ, კარგად გავაბრტყელოთ და წავუსვათ მარგარინის მეორე ნაწილი, გადავკეცოთ და კიდევ შევდგათ იმავე დროით მაცივარში. ეს ოპერაცია გავიმეოროთ მესამეჯერ. ასეთი ცომი შეიძლება შევინახოთ მაცივარში 2-3 დღე და როცა გვინდა, მაშინ გამოვაცხოთ. მომზადებული ფენოვანი ცომი გავაბრტყელოთ თუნუქის ფურცელზე, დავადოთ ყველის გულსართი, ზემოდან დავადოთ გავრტყელებული მეორე ცომი, ნაპირები შევუკრათ, ზემოდან წავუსვათ რძეში ან წყალში გახსნილი კვერცხის გული და შევდგათ კარგად გაცხელებულ აირღუმელში გამოსაცხობად. შუა ცხობის დროს ცეცხლის სიძლიერე მოვუკლოთ


მ ა ს ა ლ ა :
კვერცხი -1 ცალი 
ფქვილი - 3 ჩაის ჭიქა
წყალი- 1 ჩაის ჭიქა 
მარგარინი- 400გრამი
ძმარი – 3 სადილის კოვზი 
ყველი - 1 კილოგრამი
ზეთი- 3 სადილის კოვზი 
კვერცხი - 2-3 ცალი

კეცში გამომცხვარი ხაჭაპური

მოვზილოთ მაგარი ცომი თბილი წყლით და ფქვილით, ცომი გავჭრათ რამოდენიმე ნაჭრად, გავათხელოთ, დავდოთ ზედ ზემოაღნიშნებული წესით მომზადებული ყველი, მოვუკრათ თავი, გავაბრტყელოთ და დავდოთ გახურებულ კეცებზე. კეცები ერთიმეორეზე შევაწყოთ, ზემოდანაც დავახუროთ გაცხელებული კეცი და გამოვაცხოთ.

სიმინდის ფქვილის ხაჭაპური (ჭვიშტარი)

სუფთად გაცრილი სიმინდის ფქვილი მოვზილოთ რძესა და მაწონში. ავურიოთ ერთი-ორი კვერცხი, ამოვაგუნდავოთ. გუნდა გავყოთ ორ ნაწილად და გავაბრტყელოთ. ერთი ფენა დავდოთ გახურებულ ქვის კეცზე, მოვაყაროთ 5-6 ჩაის ჭიქა დაფხვნილი იმერული ყველი, დავაფაროთ ზემოდან ცომის მეორე ნახევარი და გავაბრტყელოთ. ზემოდან მოვასხათ დაფხვნილი ყველისა და კვერცხის ნარევი. დავადოთ თუნუქის სახურავი, დავაყაროთ ნაცარნარევი ნაკვერცხლები და გამოვაცხოთ გაწითლებამდე.

ფშავ-ხევსურული ხაჭაპური

დავფშვნათ ახალი ყველი, შევაზილოთ კარაქი და ჩავყაროთ ქოთანში, რომელიც ცეცხლისპირას არის დადგმული. შიგვე ჩავყაროთ ფქვილი და ვზილოთ განუწყვეტლივ ხის კოვზით. დაახლოებით 1 საათის დუღილის შემდეგ ამოვიღოთ ჯამებზე და ცხელ-ცხელი მივიტანოთ მაგიდაზე.
ცხელ ხაჭაპურთან შეიძლება მივიტანოთ ცივი რძე.

მ ა ს ა ლ ა:
ყველი- 1 კილოგრამი 
პურის ფქვილი-2 ჩაის ჭიქა
ერბო ან კარაქი  – 300 გრამი

აჩმა


კარგად გავთქვიფოთ კვერცხები, დავამატოთ ერთი ჭიქა წყალი, უმაღლესი ხარისხის ფქვილი და მოვზილოთ მაგარი ცომი. ცომი გავყოთ ექვს ნაწილად (ერთი ნაწილი შედარებით დიდი უნდა იყოს), შევდოთ მაცივარში დაახლოებით ერთი საათი. ქურაზე დავდგათ ფართოპირიანი თასი, ჩავასხათ წყალი და ავადუღოთ, შევაზავოთ ცოტა მარილით. ცომის ერთი ნაწილი კარგად გავაბრტყელოთ თუნუქის ფურცლის ზომაზე (რაც შეიძლება სიფრიფანა უნდა იყოს), ჩავდოთ ადუღებულ წყალში, გავაჩეროთ 1-2 წუთი, ამოვიღოთ ადუღებული წყლიდან და იმავე წუთში უნდა ჩავდოთ ცივ წყალში ერთი წამით, ამოვიღოთ, დავწუროთ ხელით ზედმეტი წყლისაგან; დავდოთ წინასწარ მომზადებულ კარაქწასმულ თუნუქის ფურცელზე და ზემოდან წავუსვათ კარაქი. ასე გავიმეოროთ ექვსივე ცომის გუნდის გაბრტყელება და მოხარშვა.
უმარილო ჭყინტი ყველის ან სულგუნისგან წინასწარ მოვამზადოთ გულსართი (დავფხვნათ ან დავჭრათ თხელ ნაჭრებად). დავდოთ ორი ფენა ცომი. მოვაყაროთ ყველი , ზემოდან ისევ ორი მოხარშული , კარაქწასმული ცომი. ბოლო ფენა უნდა იყოს ყველაზე დიდი. ამოვუკეცოთ გვერდები ცომს, ზემოდან წავუსვათ კვერცხის გული ან არაჟანი და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად.ასეთი ხაჭაპური შეიძლება წინასწარ გამოცხობამდე დავჭრათ ულუფებად და ისე გამოვაცხოთ


მ ა ს ა ლ ა:
კვერცხი -5 ცალი 
წყალი – 1 ჩაის ჭიქა
კარაქი- 300-500 გრამი 
ფქვილი- რამდენსაც შეიზელს
ყველი- 1 კილოგრამი


მეორე ვარიანტი
4 კვერცხი
1 კგ ფქვილი 
კარაქი 2 შეკვრა (წინასწარ ავადუღებთ ჯამზე 5-10 წთ)
 ყველი 1 კგ.

კვერცხს ვუმატებთ 1 ჭიქაზე ცოტა მეტ თბილ წყალს, მარილს, ძმარს 1-2 სუფრის კოვზი და მოვზელთ მაგარ ცომს (კარგად უნდა მოვზილოთ - გაჭრისას უნდა ქონდეს ნასვრეტები).
გავჭრით 6 ნაწილად ("ჟარონის" ზომის მიხედვით), თითოეულ ნაჭერს გავშლით "კატალკით" დიდზე ჩავუშვებთ მდუღარე მარილწყალში, ამოვიღებთ "ქაფქირით" ჩაუშვებთ ცივ წყალში, ხელით დავწურავთ სიგრძეზე და გავშლით "ჟარონაზე".
I ფენა დავაფინოთ მოუხარშავი ფურცელი, წავუსვათ ცხიმი, დავაფინოთ II მოხარშული ფენა+ცხიმი, III ფენა+ცხიმი+ყველი, IV ფენა+ცხიმი, V ფენა+ცხიმი, VI ფენა მოუხარშავი ცხიმი - შემოვუკეცოთ გვერდები, დავჭრათ სასურველი ზომის ნაჭრებად, შევდგათ ღუმელში და გამოვაცხოთ.
მიირთვით გემრიელად!