აჩმა


კარგად გავთქვიფოთ კვერცხები, დავამატოთ ერთი ჭიქა წყალი, უმაღლესი ხარისხის ფქვილი და მოვზილოთ მაგარი ცომი. ცომი გავყოთ ექვს ნაწილად (ერთი ნაწილი შედარებით დიდი უნდა იყოს), შევდოთ მაცივარში დაახლოებით ერთი საათი. ქურაზე დავდგათ ფართოპირიანი თასი, ჩავასხათ წყალი და ავადუღოთ, შევაზავოთ ცოტა მარილით. ცომის ერთი ნაწილი კარგად გავაბრტყელოთ თუნუქის ფურცლის ზომაზე (რაც შეიძლება სიფრიფანა უნდა იყოს), ჩავდოთ ადუღებულ წყალში, გავაჩეროთ 1-2 წუთი, ამოვიღოთ ადუღებული წყლიდან და იმავე წუთში უნდა ჩავდოთ ცივ წყალში ერთი წამით, ამოვიღოთ, დავწუროთ ხელით ზედმეტი წყლისაგან; დავდოთ წინასწარ მომზადებულ კარაქწასმულ თუნუქის ფურცელზე და ზემოდან წავუსვათ კარაქი. ასე გავიმეოროთ ექვსივე ცომის გუნდის გაბრტყელება და მოხარშვა.
უმარილო ჭყინტი ყველის ან სულგუნისგან წინასწარ მოვამზადოთ გულსართი (დავფხვნათ ან დავჭრათ თხელ ნაჭრებად). დავდოთ ორი ფენა ცომი. მოვაყაროთ ყველი , ზემოდან ისევ ორი მოხარშული , კარაქწასმული ცომი. ბოლო ფენა უნდა იყოს ყველაზე დიდი. ამოვუკეცოთ გვერდები ცომს, ზემოდან წავუსვათ კვერცხის გული ან არაჟანი და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად.ასეთი ხაჭაპური შეიძლება წინასწარ გამოცხობამდე დავჭრათ ულუფებად და ისე გამოვაცხოთ


მ ა ს ა ლ ა:
კვერცხი -5 ცალი 
წყალი – 1 ჩაის ჭიქა
კარაქი- 300-500 გრამი 
ფქვილი- რამდენსაც შეიზელს
ყველი- 1 კილოგრამი


მეორე ვარიანტი
4 კვერცხი
1 კგ ფქვილი 
კარაქი 2 შეკვრა (წინასწარ ავადუღებთ ჯამზე 5-10 წთ)
 ყველი 1 კგ.

კვერცხს ვუმატებთ 1 ჭიქაზე ცოტა მეტ თბილ წყალს, მარილს, ძმარს 1-2 სუფრის კოვზი და მოვზელთ მაგარ ცომს (კარგად უნდა მოვზილოთ - გაჭრისას უნდა ქონდეს ნასვრეტები).
გავჭრით 6 ნაწილად ("ჟარონის" ზომის მიხედვით), თითოეულ ნაჭერს გავშლით "კატალკით" დიდზე ჩავუშვებთ მდუღარე მარილწყალში, ამოვიღებთ "ქაფქირით" ჩაუშვებთ ცივ წყალში, ხელით დავწურავთ სიგრძეზე და გავშლით "ჟარონაზე".
I ფენა დავაფინოთ მოუხარშავი ფურცელი, წავუსვათ ცხიმი, დავაფინოთ II მოხარშული ფენა+ცხიმი, III ფენა+ცხიმი+ყველი, IV ფენა+ცხიმი, V ფენა+ცხიმი, VI ფენა მოუხარშავი ცხიმი - შემოვუკეცოთ გვერდები, დავჭრათ სასურველი ზომის ნაჭრებად, შევდგათ ღუმელში და გამოვაცხოთ.
მიირთვით გემრიელად!

No comments:

Post a Comment